logo
ENG



"იქნება შეღავათი ჩვენი მოქალაქეებისთვის" - კობახიძე რუსეთთან ფრენებს ისევ მიესალმება

03 თებ 202311:36
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა მისასალმებელია. მისი მტკიცებით, ეს იქნება შეღავათი რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის მარტივი. ეს იყო სანქცია, რომელიც 2019 წელს საქართველოს დაუწესა რუსეთმა, ამან, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა და შეგახსენებთ, რომ 800 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება შეღავათი ჩვენი თანამემამულეებისთვის და თანამოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ძალიან ცხადი... რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია, თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი მოქალაქეების და თანამოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", - ამბობს კობახიძე.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო.

ქართულ ოცნებაში ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავნ და, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ამავე დროს, ოპოზიციაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია. 


close დახურვა